აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მილოცვის ტექსტი საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის 20-წლიანი საქმიანობის იუბილესთან დაკავშირებით

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გულწრფელად ულოცავს ფრიდრიხ ებერტის ფონდს ღირშესანიშნავ თარიღს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ამ ფონდის 20-წლიანი საქმიანობის იუბილესთან. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ აქტივობას, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს ხსენებული ინსტიტუტი, ზოგადად, აღმოსავლეთ კავკასიაში, კერძოდ - საქართველოში და ძირითადად მიზანმიმართულია ისეთი საჭირბოროტო საკითხების უზრუნველყოფაზე, როგორიცაა დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდს უკავია ღირსეული ადგილი იმ მრავალპროფილური დახმარების სისტემაში, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება უწევს საქართველოს დამოუკიდებლობის გამყარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. თავისი 20-წლიანი საქმიანობით საქართველოში ფონდმა ქართველ ხალხში სამართლიანად დაიმსახურა დიდი ავტორიტეტი, ვინაიდან ეს ინსტიტუტი რეალურად და პრაქტიკულად მხარს უჭერს ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაფუძნებას და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის განათლების შემდგომ განვითარებას.

ჩვენთვის განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ფონდის მოღვაწეობის ის მიმართულება, რომელიც ეხება კონფლიქტების დარეგულირებას, მითუმეტეს, რომ აფხაზეთის პრობლემატიკის მოუგვარლობა უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ, მთლიანად რეგიონალური უსაფრთხოების სისტემას. ვიმედოვნებთ, რომ არსებული რეალიებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, ფონდი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის საქმიანობას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების კუთხით, რაც პირდაპირ და უშუალო თანხვედრაშია, როგორც ფონდის იდეალებთან, ასევე, საქართველოს მთავრობის საერთო სამშვიდობო პოლიტიკასთან.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ფრიდრიხ ებერტის ფონდს საქართველოში პროდუქტიული საქმიანობის  20-წლიან იუბილეს  და ვუსურვებთ მას ახალ და ეფექტურ წარმატებებს ჩვენს ქვეყანაში, რაც, საბოლოო ჯამში, უდაოდ, აისახება ჩვენი საზოგადოების რიგითი წევრების კეთილდღეობის ამაღლებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა