„პრივატბანკში’’ დევნილი ახალგაზრდების დასაქმების პროგრამის მეორე ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „პრივატბანკს" შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, დევნილი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპის პრეზენტაცია მოეწყო. კონკურსანტების მიღება „პრივატბანკის" ცენტრალურ ოფისში გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისიტროსა და ბანკის წარმომადგენლებმა კონკურსანტებს ის პირობები და წესები გააცნეს, რის საფუძველზე ბანკი დევნილი ახალგაზრდების სტაჟირებას და დასაქმებას უზრუნველყოფს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამ ეტაპზე CV 30-მდე დასაქმების მსურველმა დევნილმა ახალგაზრდამ შეიტანა, რომლებიც კვალიფიკაციისა და მოთხოვნილი პირობების შესაბამისად ბანკის ქოლ ცენტრში, პრობლემური სერვისების მომსახურებისა და განვადების მენეჯნმეტის სფეროში გადანაწილდებიან.

მემორანდუმის თანახმად, პირველ ეტაპზე კონკურსი 60-მდე ახალგაზრდამ გაიარა, რომელთა შორის უმეტესობა დასაქმდა.

2013 წლის 15 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „პრივატბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი „პრივატბანკში" აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას, დევნილი ახალგაზრდების დასაქმებას ითვალისწინებს.