აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 18 ბავშვი ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ.
მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც მათ ესპანელი ხალხის კულტურის გაზიარების, ესპანური ენის შესწავლის, ტოლერანტული, მშვიდობიანი და ჯანსაღი წესით ცხოვრების შესაძლებლობები მიეცემათ. მონაწილეები გუშინ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ახლობლებმა გააცილეს.
დევნილი მოზარდები საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდებიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი ,,FINSOL''-ი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.