აფხაზეთის მთავრობის წევრებმა სამეგრელოს რეგიონში არსებულ დევნილთა პოლიკლინიკების მედ-პერსონალთან შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა სამეგრელოს რეგიონში არსებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების მედ-პერსონალთან შეხვედრები გამართეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქეთევან ბაკარაძე და ვასილ ხორავა ფოთისა და ზუგდიდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკებსა და ჯვარის ამბულატორიას ეწვივნენ. მთავრობის წევრები სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობასა და ექიმებს გაესაუბრნენ.

შეხვედრისას მინისტრებმა ექიმთა პრობლემები და თხოვნები მოისმინეს, საუბარი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და რიგ საკითხებში არსებულ პრობლემებს შეეხო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რომლის დროს ექიმებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები უშუალოდ პირველი პირებისგან მიეღოთ.

აფხაზეთის მთავრობის წევრები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ინფრასტურქტურული საკითხებით დაიტერესდნენ, ადგილზე გაეცნენ პოლიკლინიკებში არსებულ ვითარებასა და შექმნილ პირობებს. გამოიკვეთა რიგი სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლის ნაწილის მოგვარება მინისტრების უშუალო ჩარევით მოხერხდა.

ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში მიმდინარე შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას დავალებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა და წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია დაესწრნენ. შეხვედრისას გაირკვა, რომ ძირითადი პრობლემა სადაზღვეო კომპანიებთან შექმნილი ვითარებაა, რომლის გამო ჯვარში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას მეორე წელია სამედიცინო სერვისით სარგებლობის მიღება წალენჯიხაში უწევთ. აღნიშნული საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორს, რომლის მოგვარების გზების საკითხებში აფხაზეთის მთავრობის წევრებიც ჩაერთვებიან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ბაკარაძემ და ვასილ ხორავამ ზუგდიდში, მშენებარე დევნილთა პოლიკლინიკა დაათავლიერეს და ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდნენ.