აფხაზეთის მთავრობაში აფხაზური ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელს თამარ ჯუღელს შეხვდა.

შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, აფხაზური ენის სპეციალისტი  ირმა ოსია, აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარატმენტის უფროსის მოადგილეს მარინა შენგელია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზური ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. განხილულ იქნა ენგურს გამოღმა აფხაზეთის საჯარო სკოლების მე-10, მე-11 კლასებში 2015-2016 სასწავლო წელს, არჩევით სწავლების ფორმად, აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლების დანერგვის მოკლევადიანი პროექტი, რაც ითვალისწინებს საქართველოს მასწავლებელთა განვითარების ცენტრის ხელშეწყობით აფხაზური ენის მცოდნე პედაგოგთა ტრენინგ-პროექტის მომზადება-განხორციელებას, ანიმაციური ფილმის შექმნას პატარებისთვის. დაგეგმილია გრძელვადიანი პროექტის შემუშავება აფხაზური ენის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნის მიზნით, ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენისა და კულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში აფხაზური ენის სწავლების მსურველთა რაოდენობის გაზრდა და შემდგომში მათი დასაქმება საჯარო დაწესებულებებში.