ჩვენს დედაქალაქს ძლიერი წვიმის შედეგად სტიქიური უბედურება დაატყდა თავს, რასაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, თანაგრძნობა და თანადგომა გამოვუცხადო მათ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს. ზარალი ძალიან დიდია. წყალდიდობამ და მოვარდნილმა წყალმა მრავალი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, მოიშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ძალიან მძიმეა თბილისის იერსახის ასეთი ცვლილების აუღელვებლად აღქმა. ჩვენი მთავრობა დაეხმარება მერიას, სხვა ოფიციალურ სტრუქტურებს ქალაქის სარეაბილიტაციიო სამუშაოების ჩატარებაში.
ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ, ასეთი სტიქია ყველას გვაზარალებს, შლის ქალაქის რიტმს, რაც მძიმედ აისახება ყოველი ჩვენგანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. მინდა ჩვენს საზოგადოებას, საჯარო დაწესებულებებს, ბიზნესის, სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს, შევთავაზო საზოგადოებრივი ფონდის ჩამოყალიბების იდეა. ფონდის ფარგლებში ყველას მიეცემა შესაძლებლობა, ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევისთვის. ასეთი ღონისძიებებით შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის.
ვახტანგ ყოლბაია,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი