ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიება მოეწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით 50 დევნილი ბავშვისათვის კინოთეატრ „ამირანში" მხატვრული ფილმის ჩვენებას გაიმართა. ასევე, 1 ივნისს მოზარდებს თეატრმა „მეორე სახლმა" უმასპინძლა, სადაც პატარები სპექტაკლ „ალადინს" დაესწრნენ.
ფონდი „ერთობას" მხარდაჭერით, თბილისის სასტუმრო „ბახტრიონში" ჩასახლებულ 150 დევნილ ბავშვს სასაჩუქრე ყუთები აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გადასცა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის და სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებითა და ქართული ბრენდის „გურჯაანის ნაყინის" მხარდაჭერით, დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ნაყინების თაიგული ბავშვებს", გაიმართა; აქციის ფარგლებში ყველა მონაწილეს ნაყინით გაუმასპინძლდნენ.
კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ფილარმონიაში, ანსამბლ ,,გვირილას'' საიუბილეო კონცერტს - „ოცი წელი სცენაზე" დაესწრნენ.
რიყეზე დევნილმა ბავშვებმა აქცია-მანიფესტაცია „იყოს მშვიდობა" მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები, ასევე მათი აფხაზი, სომეხი, რუსი და უკრაინელი თანატოლები. რიყეზე გამოიფინა ბავშვთა ნამუშევრები და ფოტოები, ჩატარდა ტრადიციული ასფალტზე ხატვა-კონკურსი „მე ვხატავ მზეს", საზეიმო კონცერტი „ვუმღერით მშვიდობას". ახალგაზრდებმა მსოფლიოს ყველა ეროვნების ბავშვებისადმი სამშვიდობო მიმართვის ტექსტი შეადგინეს. პროექტის თბილისის მერიისა და შპს „სუფთა გარემოს" მხარდაჭერით განხორციელდა.
კვირეულის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სკოლებისთვის სპეციალურად შექმნილ პროგრამაში. დაათვალიერეს მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, აბრეშუმის შექმნასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული კოლექციები, მოდელები, ძველი ფოტოები, საღებავები, ნიჟარების კოლექცია.
ამავე დღეს, 1 ივნისს, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შპს „გამწვანება-94" -თან ერთად ნუცუბიძის II პლატოზე, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერი „საქართველოსთვის" დაასუფთავეს.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ზუგდიდშიც. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ქალაქ ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდში, დევნილთა ახალ დასახლებაში სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა. გამარჯვებული გუნდები ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა ბურთებითა და საფეხბურთო ფორმებით დაასაჩუქრეს, ბავშვებს სიგელები და მედლები გადაეცათ.
ამავე დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.