ბათუმში „აფხაზეთობა“ აღინიშნა

ბათუმში, 6 მაისის პარკში „აფხაზეთობა" აღინიშნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ზეიმზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და ქ. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმში „აფხაზეთობის" ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, პარკში აფხაზი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, მოსწავლეებმა „ჩვენ დავბრუნდებით" – პერფორმანსი გამართეს, აფხაზეთის მთავრობის სახელით „ქართულ-აფხაზური საგას" ხელმძღვანელს ნათელა დუმბაძეს და ქართულ-აფხაზური საკვირაო სკოლის პედაგოგს ადა ქუთელიას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობისა და შერიგების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.