ვახტანგ ყოლბაიამ დიასპორულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიასპორის დღის ფარგლებში პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი - „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს" გაიხსნა. ფორუმი 27-29 მაისს ტარდება და მიზნად ისახავს სამშობლოსთვის დიასპორული გამოცდილების გაზიარებას, დიასპორასა და სამშობლოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორთან.

დიასპორის პროფესიული პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ მიმართვის უზრუნველყოფის მიზნით, ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ეფექტური თანამშრომლობის გზებზე. თემატურ ჯგუფებში მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია და დებატები, სადაც გამოიკვეთა დიასპორის ინიციატივები არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ პრობლემათა გადაჭრის ფართომასშტაბური, მდგრადი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რასაც სამომავლოდ ხელშესახები რეალური შედეგები მოჰყვება.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს უნიკალურ რესურსებსა და დიასპორასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხია და კატასტროფაა, რომ დღეს, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მილიონზე მეტი მოქალაქე კი საზღვარგარეთ იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველების წასვლა სამშობლოდან, ბოლო 25 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა და მათი უმეტესი ნაწილი უკან აღარ დაბრუნებულა.

ფორუმს ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს მათთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა ქართული დიასპორა დალოცა და მათ საქართველოში მალე დაბრუნება უსურვა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაძლიერდეს მათში ეროვნული თვითშეგნება, გაიგონ ვისი მიწაწყლისანი არიან, გაიგონ, რომ როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. გისურვებთ, რომ მალე დაუბრუნდეთ საქართველოს. საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ და არა სხვამ", - განაცხადა პატრიარქმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, სახალხო დამცველი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ქართველები, სასულიერო პირები, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზებთან ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, ქართულ დიასპორას უდიდესი შესაძლებლობები აქვს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. სასიცოცხლოდ აუცილებელია დიასპორებთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობები ვიქონიოთ. ჩვენმა დიასპორებმა კარგად იციან, რამდენად აუცილებელია ქართული საზოგადოებისთვის ჩვენი მოქმედებების ეთიანი ფრონტის ფარგლებში მოქცევა. დიასპორას სწორედაც რომ ძალუძს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის გზაზე, გარკვეული გარდატეხა მოახდინოს. ამ მხრივ საკუთარ გამოცდილებასაც მოვიშველიებ. უცხოეთში ყოფნისას გავმართე სხვადასხვა სახის შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ძალიან სერიოზულად მუშაობენ და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ თავინთი ქვეყნისთვის, რაც საელჩოებთან მჭიდრო კონტაქტის დამსახურებაცაა. ყველამ, ვინც დღეს უცხოეთშია საქართველოს ერთიანი ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე უნდა ვიზრუნოთ. ასეთ ერთობაშია ჩვენი ძალაც და მომავალიც. სიმტკიცე და ერთიანობა კი ძალიან საყურადღებო და საგულიხსმოა ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის, დიდი საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, რომელთაც დამოუკიდებლობის დღიდან არასოდეს მივუტოვებივართ. მინდა მივულოცო მათ ეს ჩინებული თარიღი და მადლობა გადავუხადო ყველა დიასპორის წევრს, იმ სამსახურისა და ღვაწლისთვის, რაც თავიანთი ქვეყნის სასიკეთოდ გაუკეთებიათ". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.