საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჭადრაკის სასახლეში, სწრაფ ჭადრაკში ჟიული შარტავას სახელობის ტურნირის ფინალური შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მოეწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს 7-14 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა.
შეჯიბრი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით ხუთ ტურად ჩატარდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო დიდოსტატი, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის თამაშების მრავალგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საერთაშორისო დიდოსტატი, ევროპის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და აფხაზეთის მთავობის წევრები დაესწრნენ.
აფხაზეთის ავტონომიუირ რეესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა ტურნირის მონაწილეებს, ისაუბრა ჟიული შარტავას მიერ განვლილ გზაზე, მის მოღვაწეობაზე.
მოზარდებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ნონა გაფრინდაშვილმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.
გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა.
ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.