აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,აფხაზეთობის’’ დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ხელისუფლებამ და  საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ,,აფხაზეთობა'' მიულოცეს და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ სახალხო ზეიმს დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ უმასპინძლეს.

სტუმრებმა დაათვალიერეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო-მასალების და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ბავშვთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, დააგემოვნეს დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია და აფხაზურ-ქართული კერძები, დაესწრნენ სპორტული სანახაობას, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტს, სადაც შესრულდა ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.

,,მინდა ყველა აფხაზს მივულოცო "აფხაზეთობა" და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები, გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენ. 
"მიმაჩნია, რომ ეს გზა გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი და ვერც აფხაზი და ოსი იქნება ბედნიერი. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გაგება. დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან''-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

18:00 საათზე  საზეიმო დღესასწაული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის" ახალი საკონცერტო პროგრამის პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდა.

სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დაწესდა.

ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით სახალხო ზეიმი ,,აფხაზეთობა" თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.