ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში აფხაზეთის თემაზე ჩატარებულ ღია გაკვეთილს და ბოლო ზარს დაესწრო

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში აფხაზეთის თემაზე ჩატარებულ ღია გაკვეთილსა და ბოლო ზარს დაესწრო. ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ მე-12 კალსის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საგანმანათლებლო ასპარეზზე წარმატებები უსურვეს. 

18-19 მაისს „აფხაზეთობის“ დღესთან დაკავაშირებით, აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილები „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ და მოეწყო მე-12 კლასელთა ბოლო ზარი. საქართველოს რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

„აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა კურთხევით 23 მაისს დადგინდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთის საჯარო სკოლებში, მათ შორის გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, 18-22 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ღონისძიება: აფხაზეთის თემაზე შექმნილი ესეების კონკურსი, ნახატების გამოფენები, სახელობო პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენები, ლიტერატურულ-შემოქმედებითი კომპოზიციები და სხვა.