აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ–გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ მხატვრის ავთანდილ შენგელიას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები და მწერლები.
ავთანდილ შენგელია 1955 წელს ქ. სოხუმში დაიბადა. 1971-1977 წლებში სწავლობდა სოხუმის ა. შარვაშიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე. შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის გერცენის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი და ლენინგრადის ი. რეპინის სახ. სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა, ფერწერის განხრით. 1993-2003 წლებში ჰქონდა პერსონალური გამოფენები საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმის სამხატვრო გალერეასა და კერძო კოლექციებში, ასევე საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ის, შვედეთის, თურქეთის, შვეიცარიის, რუსეთის, იტალიისა და ინგლისის კერძო კოლექციებში.