23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დადგინდა.
ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში თბილისა და საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
12:00 საათზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიწყება აფხაზეთობის საზეიმო გახსნა და საზეიმო მიღება , გაიმართება კულტურული ღონისძიებები, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოვება, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები, აფხაზური კერძების დაგემოვნება, კონცერტები, სადაც შესრულდება ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადაიხდიან. აფხაზეთობის სახალხო ზეიმი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ,,აფხაზეთის" პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდება.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია.
სახალხო ზეიმზე დასწრება თავისუფალია.