ქართული მხარის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გალელი მოზარდის ირაკლი ცაავას გარდაცვალებას, მისი ფიზიკური ანომალიით ხსნის. ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ განცხადებაში ერთი სიტყვითაც არ არის მინიშნებული კერძოდ რა გაუგონარმა, ყოველგვარ ჰუმანურობას მოკლებულმა ფაქტმა იმსხვერპლა მოზარდის სიცოცხლე. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი და მისი მშობლები საშვის უქონლობის გამო რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის საავადმყოფოსკენ არ გამოატარეს. ასეთი ულმობელი მოპყრობა მოზარდის სიცოცხლისადმი გაუმართლებელი და შეუწყნარებელია. სიცოცხლის უფლება არავითარ ბარიერებს და საზღვრებს არ ცნობს. ყველა გზა ხსნილია სიცოცხლის გადასარჩენად.
აფხაზური მხარე უყურადღებოდ ექცევა იმ ფაქტს, რომ მშობლების მზრუნველობამ და თავდადებამ მოზარდი 12 წლამდე მოიყვანა. რომ არა გალელი ბავშვის სიცოცხლის უფლების უკანონო შელახვა, შეიძლებოდა მისი სიცოცხლე კვლავაც გაგრძელებულიყო. განცხადებაში აფხაზური მხრიდან ბავშვის ანამნეზზე საზოგადოების ყურადღების გადატანა, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს, რომ თითქოს ბავშვი მაინც განწირული იყო, სხვა არაფერია თუ არა, რუსი სამხედროების აშკარა დანაშაულის გადაფარვის მცდელობა.
ნაცვლად იმისა, რომ ენგურის ხიდზე გამავალ დერეფანს, რომელსაც კონფლიქტის შემდეგ, დროთა მანძილზე, ჩვენთვის, ორივე მხარისთვის მშვიდობა, სტაბილურობა, ნდობის აღდგენა და თანამშრომლობა მოეტანა, ყველაფერი პირუკუ მოხდა. სინამდვილეში, ჩვენ ვაწყდებით ჩინურ, ყრუ კედელს, რომელსაც შეუძლია უმწეო ბავშვის სიცოცხლეც კი შეიწიროს. რა არის ამის მიზეზი? შიში? სიმხდალე? სიამაყე? თუ სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი ერთგულება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირღვევა გალის მოსახლეობის ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ელემენტარული ნორმებიც კი. შედეგად ვიმკით ლეტალურ შედეგებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს. რატომ არის აფხაზური მხარისთვის ასე რთული ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატი ჯანმრთელობის საკითხებში მაინც. ჰუმანიზმი, თანამშრომლობა, თანაგრძნობა არასოდეს ყოფილა სამარცხვინო და არც მომავალში შეიცვლება რაიმე ამ მხრივ.
ჟენევის შეხვედრებზე ეს საკითხები მრავალჯერ იყო განხილვის თემა, მაგრამ როგორც იტყვიან, ყურსა ბამბისასა. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ვფიქრობ, ჟენევის მომავალ შეხვედრაზე გალელი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი მკაცრი და შეუვალი კამათის თემა გახდება. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად.
მოვუწოდებ აფხაზურ მხარეს თანამშრმლობისკენ უწინარესად იმ საკითხებში, რომელიც გალში ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის უფლებას გაუფრთხილდება და პატივისცემით მოეკიდება. ყველას კარგად მოეხსენება რა მდომარეობაშია გალის საავადმყოფო. ის აღარ არის სამკურნალო დაწესებულება, სადაც ადამიანს ელემენტარულ დახმარებას აღმოუჩენენ, არამც თუ რეანიმაციულ ქმედებებს, რომელსაც ადამიანის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია.
ჩვენ ვთავაზობთ აფხაზურ მხარეს გალის საავადმყოფოს თანამედროვე, ახალი სამედიცინო ტექნლოგიებით აღჭურვას, მის მთლიან გადაიარაღებას, კვალიფიციური ექიმებით მომსახურებას და მოსახლეობის წამლებით აღჭურვას. ასეთი მრავალფუნქციური ჯანმრთელობის ცენტრი დაიცავს ჩვენ გალელ მოსახლეობას (და არამარტო გალელს) ტრაგიკული, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მათი ჯანმრთელობაც მეტ-ნაკლებად დაცული იქნება.
აფხაზეთის მთავრობა გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ირაკლი ცაავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს, მშობლებს და ახლობლებს. ღმერთი იყოს თქვენი შემწე ამ უდიდესი მწუხარების ჟამს.