კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს მართავს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. კონფერენციას უძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი - დიმიტრი ჯაიანი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დიმიტრი სანაკოევი. კონფერენციაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია.
გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში.
კონფერენციის ფარგლებში, კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსიები შემდეგ თემებზე: კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები.
კონფერენცია მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესებას და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობას. ასევე, ძირითადი პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიებას. კონფერენციის ფარგლებში გამოთქმული რჩევები და მოსაზრებები, დოკუმენტური სახით განთავსდება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - www.culturepolicy.ge.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად მიღებულ იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
„კულტურა 2025-ის“ მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხაზს გაუსვამს კულტურის თანდაყოლილ ღირებულებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. სამოქმედო გეგმის მიზანია განსაზღვროს მოკლევადიანი პრიორიტეტები და ქმედებები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ასაღორძინებლად. ასევე, აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
კულტურული პროცესების მართვის ხელშესაწყობად, „კულტურა 2025-ის“ სტრატეგიის შემუშავების პრინციპებად გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ღია მონაწილეობის მეთოდით განხორციელდება და მასში ჩართული იქნებიან საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების) წარმომადგენლები.