ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით, აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში – ხმალი (პირადი), რაპირა (პირადი), დაშნა (პირადი) გაიმართა.

ღია პირველობზე ფარიკაობაში ერთი შესარჩევი ჯგუფური ტურის სახით სამივე ასაკისთვის ჩატარდა. ჯგუფებმა იასპარეზეს წრიული სისტემით, პირდაპირი გამოთიშვის წესით (ბრძოლა 10 ჩხვლეტამდე) რეპრემაზის გარეშე, გამარჯვებულის გამოვლენამდე).

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთისფედერაციის (ვლადიკავკაზი), ირანის, ქუვეითის წარმომადგენელმა სპორტსმენებმა. შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სიგელებით, მედლებით და თასებით დააჯილდოვა.

შეჯიბრს ესწრებოდნენ ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კეკულაძე.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში „ხმალში“ პირველი ადგილები ლუკა ლომინაძემ და ვახტანგ არჩვაძემ დაიკავეს. იგივე კატეგორიაში გოგონების შეჯიბრში პირველი ადგილის მფლობელი აზერბაიჯანელი აისე ახმადოვა გახდა. „რაპირაში“ პირველ ადგილზე გავიდნენ რუსი მოასპარეზე მადინა კორაევა და ქართველი ნატალია ხარაიშვილი. ვაჟების შეჯიბრში პირველ ადგილზე სომეხი მოასპარეზე არმან დალაქიანი გავიდა.

აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ფარიკაობის განვითარებასა დაპოპულარიზაციას, მოზარდი თაობის ჩაბმას სპორტის რაინდულ სახეობაში, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენასდა მათ მივლინებას სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში აფხაზეთის სახელით, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის კულტურის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტს. მისი თქმით, სამინისტრო და ზოგადად აფხაზეთის მთავრობა, ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენებს ყოველთვის წაახალისებს.

„აფხაზეთის განათლების სამინისტროს სპორტული დეპარტამენტი კიდევ ერთ შესანიშნავ ღონისძიებას სთავაზობს ჩვენს გულშემატკივრებს – საერთაშორისო ტურნირს ფარიკაობაში. საგულისხმოა, რომ ამ სანახაობაში 6 ქვეყნის წარმოამდგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ აფხაზეთის ნორჩი წარმომადგენლებიც. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აიღო დღეს პირველი ადგილი, რაც ყველას გვახარებს. მინდა მოვულოცო მას ეს გამარჯვება. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტს, ნაყოფიერი მუშაობისათვის, რასაც ის წლებია ეწევა. ბატონი ვიტალი ბენდელიანი, მთლიანად სამინისტრო დიდი ენთუზიაზმით ეკიდება საქმეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ღონისძიება უმაღლეს დონეზე ტარდება. რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში, ამის მაგალითია დღევანდელი დღეც. კიდევ ერთხელ, ყველა მათგანს წარმატება მინდა ვუსურვო“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.