სამების ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ლიტერატურული კონკურსის „ომის გარეშე" გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურსი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და საქართველოს სხვა საჯარო სკოლების დევნილი VIII-XII კლასების მოსწავლეები. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ლექსი; საუკეთესო თხზულება.
სპეციალურმა კომისიამ 6 გამარჯვებული გამოავლინა (I, II, III ადგილები ორივე ნომინაციაში).
პრიზები გადაეცა გალიდან დევნილ სამ მოსწავლესაც, რომლებმაც თბილისში ჩამოსვლა ვერ შესძლეს.
თხზულებათა კონკურსის გამარჯვებულები ფულადი პრემიებითა და სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განთლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის საშუალო და საჯარო სკოლებს შორის ჩატარებული კონკურსის მნიშნელობაზე ისაუბრა.
„ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძებებში ჩართულია ჩვენი ყველა სამინისტრო, განსაკუთრებით აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ასევე, შესაბამისი ცენტრალური სამინისტროები, რომელთაც მთავრობამ აქტიური მონაწილეობა დაავალა. იმედი მაქვს, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც, რისთვისაც მთავრობას ძალიან დიდი მადლობას ვუხდი. რაც შეეხება კონკურსს, რომელიც აფხაზეთის საშუალო და საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა, გამოავლინა საოცარი ცოდნა, ტოლერანტობა, სიყვარული აფხაზებისადმი, აფხაზეთისადმი, ტკივილი ტრაგედიისადმი. მთავარი კიდევ ერთი რამ არის - ეს ბავშვები აქ დაიბადნენ, მათ არც უნახავთ თავიანთი მშობლების სახლი, თავიანთი მშობლიური კუთხე, მაგრამ ისე აღწერენ, თითქოს იქ დაიბადნენ, იქ გაიზარდნენ და ისეთი სითბოთია მოტანილი აფხაზებთან ეს ურთიერთობა, თითქოს თვითონ მეგობრობდნენ აფხაზებთან და არა მათი მშობლები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ თემაზე მათ ოჯახებში მუდამ საუბრობენ, იქ არ არის სიძულვილი, ამ ოჯახებში არის სიყვარული, სითბო, იმ წარსულის საუკეთესო მოგონებები და მომავლის საოცარი რწმენა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.