ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა მოეწყო

დღეს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე ალექსანდრე ხუბუას, ელდარ ქავშბაიას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ზურაბ ჭედიას, დათო ბაძაღუას, ვალერი ჩარგაზიას, ირაკლი გოგიას და სხვა დევნილი მხატვრების 50-მდე ნამუშევარი, მათ შორის ქანდაკებები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები იქნა წარმოდგენილი.

გამოფენა, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავს მიეძღვნა და ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

დამსწრება საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი გეგეჭკორმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ გენო კალანდიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.