მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა. ტურნირის მსვლელობის პარალელურად მსოფლიო ჩემპიონმა ნანა ალექსანდრიამ საჭადრაკო სესია ჩაატარა. ტურნირი რევაზ დადიანის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ რევაზ დადიანი იყო აფხაზეთის ათგზის ჩემპიონი. იგი 1994-1998 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - ნიკა ვოლკოვმა დაიკავა, მეორე ადგილის პრიზიორი თენგიზ მინდიაშვილი გახდა, მესამე ადგილზე კი მოჭადრაკე რამინ ხოჯავა გავიდა. ტურნირის გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ გელენავა, რევაზ დადიანის ოჯახის წევრები და მეგობრები.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ ნანა ალექსანდრიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.