აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში სააღდგომო ნობათების დარიგება გრძელდება

 

სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს, საქველმოქმედო აქციის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტში ბადრი სანაიამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად სააღდგომო ნობათი გადასცა.

სააღდგომო საჩუქრები ასამდე დევნილ ოჯახს გადაეცა აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილის მუნიციპალიტეტში. ნობათები დაურიგდათ N64 პროფსასწავლებელში, ინდიკო სანაიასა და ტაბიძის ქუჩებზე, სახარბედიოში, ,,რკინიგზის ბინებში", ახალსოფელსა და ,,ახალსოფლის მეურნეობაში" ჩასახლებულ 40-მდე დევნილ ოჯახს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის მთავრობის სერთიფიკატებით დააჯილდოვა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი, ,,საქართველოს ბანკი" ,,TBC" ბანკი, მიკროსაფინასო ორგანიზაცია ,,კრედო"-ს სენაკის სერვისცენტრები, შპს ,,ვისტა 2010" და აფხაზეთის მე-7 საჯაროს სკოლის წარმომადგენლები.