აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, დიდუბის რაიონში, ვანის ქუჩა №7-სა და წერეთლის გამზირის №72-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცა.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აქცია გრძელდება და სააღდგომო ნობათს რეგიონებში ჩასახლებული დევნილებიც მიიღებენ. მისივე განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, წელს ღონისძიება ბევრად უფრო ორგანიზებულია.
„დევნილთათვის სააღდგომო ნობათის დარიგების პროცესი გასულ წელთან შედარებით უფრო ორგანიზებულია. არ იყო აჟიოტაჟი, გაუგებრობა, შეუთანხმებლობა. ყველამ იცოდა, რომელ საათზე უნდა მოსულიყო. მაგალითად, 11 საათზე მოდიან ომის ვეტერანები, 1-ზე მრავალშვილიანები და ა.შ. ამან განაპირობა, რომ ყველაფერმა ზედმეტი მღელვარების გარეშე ჩაირა. მომავალში ყველაფერი უფრო მეტად დაიხვეწება და ნობათის დარიგების დღე უხმაუროდ ჩაივლის. ამავე ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.