ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა დედებს ქალთა დღე მიულოცა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა დედების მიღება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოწვეულ სტუმრებს ქალთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„დიდი მადლობა მობძანებისათვის და ნდობისთვის, იმისთვის, რომ გაქვთ ჩვენთან მოსვლის და მოსმენის სურვილი. შეიძლება თქვათ, რა დროს 8 მარტია, რა დროს შეხვედრაა ამ დღესთან დაკავშირებით, როდესაც უდიდეს ტკივილს ატარებთ, ყოველდღიურად გლოვობთ დაკარგულებს, რომ სითბო გაკლიათ ბევრი რამის გამო, მაგრამ ასეთი შეხვედრები ჩვენ გვაახლოებს ერთმანეთთან და უფრო მეტს ვიგებთ თქვენს მდგომარეობაზე. შევეცადეთ ცოტაოდენი სითბო და ყურადღება გეგრძნოთ ჩვენგან. გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვეზიარებინა თქვენი ტკივილი, ეს იყო ძირითადი მიზანი და მიზეზი ამ შეხვედრის", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მთავრობის თავმჯდომარე ყველას ინდივიდუალურად გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და შ.პ.ს. „გაგრა+"-ის, „ბაგრატიონის", „ბარამბო"-ს, „გრანდ ქენდის", „სმარტ დისტრიბიუშენის", შ.პ.ს. „კანტის" მხარდაჭერით მოეწყო.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.