ნაძალადევის რაიონში ჩასახლებულ დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

 

ნაძალადევის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო, კლინიკურ-ლაბორატორიული პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ, დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში არსებულ 64-მდე ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ეცნობათ. მთელი დღის განმავლობაში დევნილებს შარაშიძის სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალი მოემსახურა.

დღესვე, აფხაზეთის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში დევნილი მოსახლეობისთვის ყოველი თვის ბოლო შაბათს დაიგეგმა უფასო სამედიცინო აქციები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, იგი მიესალმება იმ ტრადიციის გაგრძელებას, რომელსაც აფაზეთის მთავრობამ გასულ წელს ჩაუყარა საფუძველი და დღემდე წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობისათვის მანვე მადლობა გადაუხადა მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობას.

„დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ამ მრავალპროფილური დაწესებულების ხელმძღვანელს - ბატონ ზურაბ ავალიანს იმის გამო, რომ მან მიიღო ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება და ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ყოველი თვის ბოლო შაბათს მოხდება დევნილი მოსახლეობის ყველა სახის სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა. ეყრება საფუძველი ტრადიციას, რომელსაც, ასე ვთქვათ, კარგი წინა ისტორია აქვს, მხედველობაში მაქვს ჩვენ მიერ რეგიონებში ჩატარებული პროფილაქტიკური გამოკვლევები; დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია ამ რაიონში და ამ კლინიკაში მომავალშიც გაგრძელდება. სიახლეა ის, რომ აქვე კონტროლზე იქნება აყვანილი ის პაციენტი, რომელსაც მკურნალობის გაგრძელება დასჭირდება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა კი ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდება. მახარებს ის, რომ ჩვენ ამ შესანიშნავ კლინიკასთან ძალიან კრგი პროექტის დაწყება შევძელით; თანამშრომლობის მემორანდუმი სხვა კლინიკებთანაც გავაფორმეთ, რაც ჩვენს დევნილებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ წამოწყებას გაგრძელება ექნება, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.