არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის 135-ე წლისთავთან დაკავშირებით ლევილის სასაფლაოზე მემორიალური დაფა გაიხსნა

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის (1919-1921წ.წ.) , არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის 135-ე წლისთავთან დაკავშირებით პარიზში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფა გაიხსნა და პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში მოსახსენიებლად პანაშვიდი აღევლინა. დიასპორასთან გამართული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ოთარ ზურაბიშვილმა, საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, საფრანგეთში საქართველოს ელჩის მოადგილემ გოჩა ჯავახიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.

იმავე დღეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე არზაყან ემუხვარის საფლავი და მემორიალური დაფა აფხაზეთის ხელისუფლების სახელით გვირგვინით შეამკეს ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარიამ. საელჩოს სახელით საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ და სათვისტომოს სახელით საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ოთარ ზურაბიშვილმა, ხოლო შთამომავლების სახელით ნატო მარშანიამ.

არზაყან ემუხვარის სასაფლაოზე სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს და იგალობა წმ. თამარისა და წმ. ნინოს მგალობელთა გუნდმა.

აფხაზეთის ხელისუფლების დელეგაციამ ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს მთავრობოს წევრების და საზოგადო მოღვაწეების: ნოე ჟორდანიას, სპირიდონ კედიას, აკაკი ჩხენკელის, მიხეილ შარვაშიძეს, ვლადიმე ემუხვარის, ვიქტორ და თამარ შაკაიების, ნოე რამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის საფლავები მოინახულეს.

საფრანგეთის საელჩოში, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩი   საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯემალ გამახარიას შეხვდა. ჯემალ გამახარიამ ეკატერინე სირაძე-დელონეს წიგნები აფხაზეთის პოლიტიკური ისტორიის საკითხებზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული ფასეულობების მდგომრეობის შესახებ და აფხაზეთიდან დევნილი მხატვარის ნუგზარ   მგალობლიშვილს ნამუშევარი ,,რექვიემი" გადასცა.