ნორჩ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა-კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

19 მარტს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას არტ-გალერეაში ნორჩ-მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა-კონკურსი გაიმართა. გამოფენა-კონკურსში ააიპ ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სამხატვრო სკოლის - „აფხაზეთი №1" მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოფენა მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩეოდა და წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები.

აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ, მხატვარ ნუგზარ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, საუკეთესო ნამუშევრების ავტორად ანა კუჭაშვილი დაასახელა. გამარჯვებულ კონკურსანტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა საჩუქრად მსოფლიო ბესტსელერად აღიარებული წიგნი - ერნსტ გომბრიხის „ხელოვნების ამბავი" გადასცა.

გარდა ამისა, ჟიურის წევრთა მოწონება დაიმსახურეს: ვერიკო გერგაულის, ნინო გერგაულის, ლუკა ტალახაძის, ლუკა გადრანის, ეკა კურდღელიას, დავით ღადუას, მარიამ ჭიჭინაძის, მაიკო არღვლიანის, გიტო ბენდელიანის, ლუკა მეფარიშვილის, გიორგი დიხამინჯიასა და ანა ტალახაძის ნამუშევრებმა. მათ საჩუქრად ფუნჯები, აკვარელი და სახატავი რვეულები გადაეცათ.