აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გამართა. მონაწილეობდნენ გუნდები როგორც საქართველოს რეგიონებიდან ასევე სომხეთიდან.
ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის ექვსმა მეორე საპრიზო, ხოლო ერთმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით დაჯილდოვდა.
გამარჯვებულ სპორტსმენებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა: საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ყურაშვილმა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, მინისტრის მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.
ტურნირის ჩატარების პარტნიორ ორგანიზაციებს შორის იყვნენ: აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაცია, თბილისის სპორტული კომპლექსი „მართვე", შპს „დეველაიკი".