25 თებერვალს, სასტუმრო "მერიოტში"იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის" ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი პროგრამების განხორციელების ეფექტურობის გაზრდა".
შეხვედრა დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის „სინერგია"-ს და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
მრგვალ მაგიდას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის, ერედვის, ქურთას, თიღვის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.
მრგვალი მაგიდა პროექტის „ჩვენ ამას შევძლებთ" ფარგლებში ჩატარდა.
მონაწილეებმა განიხილეს 2014 წელს განხორციელებული და 2015 წელს განსახორციელებელი სოციალური პროგრამები, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში. ყურადღება გამახვილდა ორ საკითხზე სოციალურ პოლიტიკაში სხვადასხვა სტრუქტურების კოორდინირება, ასევე სხვადასხვა სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი სოციალური პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება.
ასოციაცია „თანხმობამ" სურვილი გამოთქვა დევნილებში და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცეელბაში დახმარება გაუწიოს სამთავრობო სტრუქტურებს. ასევე გამოითქვა არასამთავრობოების მზაობა აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ სამთავრობო სტრუქტურებს.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრა პირველად ტარდება და სურვილი გამოთქვეს, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ და შეხვედრები რეგულარული გახადონ.