109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს. დღეს, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ , იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ გადასცეს. ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 5.560.000 ლარია.
ოცხელის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 1850-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად", ბინა 109 ოჯახს გადაეცა. კრიტერიუმების შესაბამისად ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭირვალედ წარმართვის მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალხო დამცველის აპრატის, ადგილობრივი და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები, სწორედ დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) მონაწილეობით ჩატარდა იმ ნგრევადი ობიექტების პროფაილინგი საიდანაც 48 დევნილმა ოჯახმა ახლადრეაბილიტირებულ შენობაში მიიღო ბინა. 22 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი დევნილები, ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლში იცხოვრებენ.
2013-2014 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 14 შენობის რეაბილიტაცია განახორციელა და ჯამში, საცხოვრებლი სახლი 576 ოჯახს გადაეცა.