აფხაზეთის მთავრობის წევრებმა იმერეთის რეგიონში 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

დღეს ქუთაისში, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქეთევან ბაკარაძემ, კონსტანტინე კუჭუხიძემ, ვალერი ბასარიამ, იგორ კოპალიანმა და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს და დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ბიზნესმენებს დოკუმენტური ფილმი ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში-თანამედროვე რეალიები" გააცნეს.

ანგარიშში ყურადღება გაამახვილდა განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და დევნილთა დასაქმების საკითხებზე. ასევე, წარმატებული დევნილი ახალგაზრდების, ხელოვანი ადამიანების და მეცნიერების ხელშეწყობაზე, გალის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და მცირე ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დევნილთა ჩართულობაზე. ასევე ისაუბრეს 2015 წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე.

აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის საზოგადოებისთვის წარდგენის შემდეგ შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. მთავრობის წევრებმა დევნილთა შეფასებები და მათი პობლემები მოისმინეს.