აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იმერეთში გასვლითი სხდომა გამართა

გუშინ, 13 მარტს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იმერეთში, კერძოდ, ქუთაისში, ხონსა და კოპიტნარში გასვლითი სამუშაო სხდომა გამართა. სხდომას ხელმძღვანელობდა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

ვახტანგ ყოლბაია:  „თქვენ შეგიძლიათ გახსნილად, თამამად გვკითხოთ, დაგვავალოთ და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ჩასვლისთანავე შევუდგებით პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ჩვენც აფხაზეთიდან დევნილები ვართ"

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებმა ხონის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულეს. შეხვედრა ხონის კულტურის სახლში შედგა. ვახტანგ ყოლბაია დაწვრილებით გაეცნო კულტურის სახლის სავალალო მდგომარეობას და განათლებისა და კულტურის მინისტრ დიმიტრი ჯაიანს პრობლემის მოგვარება დაავალა. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ მოსახლეობას გააცნო ახლად დანიშნული მინისტრები; ასევე გააცნო ის პროექტები, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე განხორციელდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ მინისტრებისთვის დაესვათ კითხვა და კონკრეტული პასუხები მიეღოთ. მოსახლეობის მიერ წამოჭრილ პრობლემებს შორის იყო ამბულატორიის უქონლობა, ბინების დაკანონებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, გაზიფიცირების პრობლემა, თვითმმართველობისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხი.  დევნილთა ინფორმაციით, ბინების პირველი განაწილება კანონდარღვევით მოხდა. როგორც აღნიშნეს, მათ იმის გაგებაც  ვერ მოახერხეს, ვის საკუთრებაშია შენობა,  რომ დახმარებისთვის შესაბამისი სტრუქტურებისთვის მიემართათ. დევნილებმა ასევე,  უხარისხოდ გარემონტებული ბინების, ახალგაზრდობის  დაუსაქმებლობის, მედიკამენტების უკმარისობის პრობლემები წამოჭრეს. 

ვახტანგ ყოლბაიამ შეკრებილ ხალხს დეტალურად გააცნო მთავრობის სამოქმედო გეგმები.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ პირველად გხვდებით. მინდა ბოდიშის მოხდით დავიწყო, რადგან ამ შემადგენლობით პირველად ვართ თქვენთან. შეიძლება თვენგან ვინმე დადიოდა სხვა შეხვედრებზე და გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ თქვენ იმდენად სულგრძელი ხალხი ხართ, რომ კიდევ გაქვთ ჩვენი მთავრობის იმედი, კიდევ შეგწევთ ძალა, რომ მოგვისმინოთ. მინდა ყველაფერი გავაკეთო, რათა რაღაც საკითხებში წინ წავიწიოთ. მთავრობის შემადგენლობით ასეთი გასვლა ჩვენ წლის დასაწყისში, სამეგრელოში,  კერძოდ ზუგდიდში გვქონდა. მეორე გასვლა ამ შემადგენლობით გადავწყვიტეთ აქ, იმერეთში და დავიწყეთ ხონით.  ჩვენ ბევრი რამით ვერ დავიკვეხნით, ისიც არ მინდა, რომ ვიღაცას რაღაც დავაბრალო. ჩვენ არ ვართ ციდან ჩამოფრენილი ხალხი, ჩვენ თქვენთან ერთადვართ,  ჩვენც აფხაზეთიდან  დევნილები ვართ.  ის პრობლემები, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ზოგადად ვიცით, მაგრამ კონკრეტულად არ ვართ ჩახედულნი, თუმცა ეს ჩვენ არ გვამართლებს. მინდა თქვითკრიტიკული ვიყო, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ აქამდე ვერ ჩამოვაღწიეთ თქვენთან, რათა ელემენტარული საკითხები მოგვეგვარებინა.

ჩვენი ჩამოსვლის მიზანია ჩვენი თვალით გვენახა პრობლემები, გვინდოდა თქვენთან შეხვედრა, გვინდა, რომ პრობლემების მოგვარების პროცესი ადგილიდან დავძრათ.  აქ არიან მინისტრები და გზადაგზა შევეხებით ისეთ საკითხებს, რაც უშუალოდ მათ კომპეტენციაშია. თქვენ შეგიძლიათ გახსნილად, თამამად გვკითხოთ, დაგვავალოთ და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ჩასვლისთანავე შევუდგებით პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა სამინისტროსთან,  ჩვენ ერთად განვიხილავთ რაღაც საკითხებს. ძალიან ბევრი რამ გააკეთა სამინისტრომ ამ მოკლე ვადაში, განსაკუთრებით ბინების მშენებლობისა და გადაცემის საკითხში. რა თქმა უნდა პრობლემა ძალიან ბევრია და ამას არავინ არ მალავს, ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ, მაგრამ უსერიოზულესი საკითხები კიდევ გადასაწყვეტია და ამას არავინ მალავს, მეტნაკლებად ვფლობთ სიტუაციას. წელს ბიუჯეტი რომ დავამტკიცეთ, შევეცადეთ ძირითადი თანხები გამოთავისუფლებული და გამოყენებული ყოფილიყო იმ მიმართულებით, რაც რეალურ შედეგს მოგვიტანდა. გავზარდეთ თქვენთვის უფასო წამლების მოცულობა, ვაპირებთ უფასო გასვლით აქციებს სხვადასხვა დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზე, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ჩვენთვის შეღავათიან და თქვენთვის უფასო გასინჯვებზე შევთანხმდით.   ძალიან გვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო, რომელთანაც ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. თუმცა, კმაყოფილნი ვიქნებით მაშინ, როდესაც ჩვენს ტერიტორიებს,  ჩვენს სახლებს დავუბრუნდებით.

რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარების საკითხს, მე ჟენევის მოლაპარაკებებში  ვმონაწილეობ. უკვე რამდენიმე მოლაპარაკებაში მივიღე მონაწილეობა. ვერ ვიტყვი, რომ  ყველა რესურსი ამოწურულია. ჩატეხილი ხიდის  აღდგენას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება.  შევცვალეთ რიტორიკა და ვცდილობთ სიტუაცია გამოვასწოროთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებთან შეხვედრაზე ხონში.  

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ დევნილებს ამბულატორიის გახსნა, უფასო გამოკვლევები და 100 ლარის ფარგლებში უფასო წამლების გაცემა აღუთქვა. ვახტანგ ყოლბაიამ შვილმკვდარ დედებს გააცნო ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი პუნქტიც, რაც ომის დროს დაკარგული და გარდაცვლილი ადამიანების საფლავზე მათი მშობლების ჩასვლის საკითხის მოგვარებას შეეხება და შესაბამისი დახმარებაც აღუთქვა.

„პირველ რიგში, მინდა შევუერთდე ბატონ ვახტანგს და მეც მინდა ბოდიში მოგიხადოთ მთელი ჩემი გუნდის სახელით. ეს შეხვედრა პირველად მოხდა ჩვენსა და თქვენს შორის. ჩვენ დავდივართ პერმანენტულად, ვხვდებით დევნილ საზოგადოებას სხვადასხვა ცენტრებში, თუმცა ასეთი შემადგენლობითა და მასშტაბით ჯერ არ მომხდარა შეხვედრა. თქვენ გაინტერესებდათ წამლების თემა, მესმის, ქართულ ბაზარზე რეალურად წამლების, ფარმაცევტული ბიზნესი კატასტროფულია, მაგრამ ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ამჯერად განხორციელების სტადიაშია. ვამზადებთ და მთელი გუნდი მუშაობს მედიკამენტების პროგრამაზე, რაც გულისხმობს ბენეფიციარისთვის ასი ლარის ფარგლებში ჩამონათვალის მოწოდებას, შემდეგ უფასო წამლების გაცემას. დაახლოებით 152 დასახელების წამლებია წარმოდგენილი, ჩვენ სერიოზული კონსულტაციები გავიარეთ წამყვან სპეციალისტებთან და მათთან კონსულტაციებით შევაჯერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი  და მოთხოვნადი წამლების ნუსხა. ეს პროგრამა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ამოქმედდება. გარდა ამისა, გვაქვს ამბულატორიული კვლევების პროგრამა, ეს არის კომპიუტერული  და  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ჩვენთან უფასოდ ჩაგიტარდებათ. აპრილის ბოლოდან დაგეგმილი გვაქვს გასვლით ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს მრავალმხრივ კვლევებს პორტატული აპარატებით.  რამდენიმე კოლექტიურ ცენტრს  სპეციალისტებთან ერთად შევადგენთ და ჩავატარებთ გამოკვლევებს, ამასთანავე ეს გასვლითი ღონისძიება მედიკამენტების გაცემასაც გულისხმობს", - განუცხადა დევნილებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.

გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა ვალერი ბასარიამ დევნილებთან აგრარული სექტორის განვითარების შესაძლებლობასა და დასამქების პირობების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

„პროექტების ერთად განხორცელების შემთხვევაში, დევნილთა დასაქმების პირობების გაუმჯობესება სავსებით შესაძლებელია. დიალოგი გვქონდა ცენტრალურ მთავრობასთან.  სახელმწიფოს გააჩნია იმის საშუალება, რომ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დაასაქმოს. ამ სამი თვის განმავლობაში, რაც აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა შეიქმნა, ჩვენ პრაქტიკულად შევძელით ცენტრალური ხელისუფლებისგან დიდი რაოდენობით მიწის ნაკვეთებისა და სხვა აქტივების ჩვენს განკარგვაში აღება. მიდის საუბარი სამეგრელოს მიწებზე, მუშაობა მთელი რიგი პროექტების თანადაფინანსებაზე, რაც სამთავრობო სხდომებზეა გატანილი. ამასთანავე, აღებული გვაქვს 86 000 კვადრატული მეტრი  სასათბურე კონსტრუქციები, ეს  ყველაფერი არის იმისათვის, რომ მოხერხდეს თქვენი დასაქმება.  მაგრამ ეს მიწის ნაკვეთები არის სახელმწიფოს საკუთრებაში, ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული გვაქვს დაპირება, რომ თუ დევნილთა კომპაქტურ დასახლებასთან ახლოს არსებობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ცენტრალური მთავრობა ამ მიწებს ჩვენ გადმოგვცემს", - განუცხადა დევნილებს  ვალერი ბასარიამ.

სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების მინისტრმა ლელა გულედანმა ახალგაზრდებს კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აქტიურობისკენ მოუწოდა  და იქვე საყვედურიც  გამოთქვა, რომ მსგავსი აქტივობა ჯერ არ შეიმჩნევა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის კიდევ ერთი შეხვედრა კოპიტნარში ჩასახლებულ დევნილებთან გაიმართა. დევნილებმა მთავრობის წევრებს სასმელი წყლის მოწესრიგების, ქუჩებში სადრენაჟო სისტემის გამართვის, ანტისანიტარიისა და დასაქმების პრობლემების გზების სწრაფი გამონახვის წინადადებით მიმართეს.

აფხაზეთის გარემოს დაცვის მინისტრმა მათ სათბურების გაშენებასა და დასაქმებაში დახმარება აღუთქვა. პროგრამები გააცნო ჯანდაცვის მინისტრმაც. ადგილზე გადაწყდა კოპიტნარის საბავშვო ბაღების პრობლემის მოგვარება. ვახტანგ ყოლბაიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ შეხვედრების აუცილებლობას და ხალხს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, იგივე აფხაზებთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში.

კოპიტნარის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა ქუთაისში ასოციაცია „მშვიდობიანი საქმიანი კავკასიის" ქარხანა მოინახულეს. ეს ქარხანა რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა და იქ მონღოლური ჩაის წარმოება მიმდინარეობს.ქარხნის მესვეურთა ცნობით, ქარხანა გაფართოებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს და მაისში ქართული ჩაის ფაბრიკაც გაიხსნება; ამჟამად ფაბრიკაში 20 დევნილია დასაქმებული.

მოგვიანებით, იგივე ფორმატით გაიმართა შეხვედრა ქუთაისში ჩასახლებულ დევნილებთან, წყალტუბოს, ქუთაისისა და ბათუმის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი დევნილების პრობლემები. ვახტანგ ყოლბაიამ დევნილებს მადლობა გადაუხადა „იმ მოთმინებისთვის, რაც ამდენი წლის მანძილზე გამოიჩინეს" და პირობა მისცა, რომ „თვე-ნახევარში, მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე დაბრუნდება და ანგარიშს ჩააბარებს. მათი კონკრეტული პრობლემების მოგვარება კი, რომელიც დღეს  დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის წინაშე წამოჭრეს დაუყოვნებლივ დაიწყება".