აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით გიორგი მარტიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ვაზის უბნის დასახლებაში, გიორგი მარტიაშვილის სახელობის სკვერი გახსნეს. სკვერის გახსნას ასევე გიორგი მარტიაშვილის დედა ნაზი მარტიაშვილი და აფხაზეთში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა დედები დაესწრნენ.

„ორივე მხარეს გლოვობენ დედები, გლოვობენ თბილისში, სოხუმში, გუდაუთაში... ჩემი სურვილია ესეთი დედები შეხვდნენ ერთმანეთს, მოეფერონ ერთმანეთს და გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რათა მსგავსი მოვლენები ავაცდინოთ ჩვენს ხალხს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

გიორგი მარტიაშვილი, 1992 წელს სოხუმში დაიჭრა და მას შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. იგი  წარდგენილია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე.

გიორგი მარტიაშვილის სახელობის სკვერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა.