აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები  და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ალბომი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მასში  თავმოყრილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ცხრამეტი უძრავი ძეგლისა (ბედიის, ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, კამანის, ილორის, მოქვის და სხვა ეკლესია-მონასტრები) და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის (მოქვის ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, ბიჭვინთის მოზაიკა, ბედიის ბარძიმი  და სხვ.) უახლესი ფოტომასალა, ასევე ამ ძეგლების ისტორიული, არქიტექტურული და  ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა. ალბომი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოამზადა.  

ალბომს „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ თან ერთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ერთიანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სია, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მითითებით. ალბომის გამოცემა ემსახურება აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.