1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გიორგი ფერაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და ვეტერანებმა, 15-16 მარტს, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ვახტანგ ყოლბაიამ, ელგუჯა (გია) გვაზავამ, გიორგი ფერაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმა ასევე გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და კიდევ ერთხელ გამოხატეს თანადგომა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღევლინა.