აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა „ლანცეტის“ ექიმებს მადლობის სიგელები გადასცა

დღეს, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, კლინიკა „ლანცეტის" ხელმძღვანელობა და სამედიცინო პერსონალი წლის განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

სერტიფიკატები სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ გადასცეს და თანაგდომისათვის მადლობა გადაუხადეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრ „ლანცეტთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2014 წლის აგვისტოში გააფორმა, რომელსც ხელი მოაწერეს ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამედიცინო აქციებში, „ლანცეტის" სპეციალისტების მონაწილეობით დევნილი მოსახლეობისთვის არაერთი სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩატარდა. დღესვე, კლინიკა „ლანცეტის" გენერალურმა დირექტორმა, ფარმან ჯეირანლიმ გაახმოვანა თავისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალს საშუალება ეძლევა, მთელი წლის მანძილზე „ლანცეტში" უფასოდ გაიაროს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სტაჟირება, დაესწრონ ოპერაციებს. მისივე თქმით, დევნილ პაციენტებს „ლანცეტში" უფასო სამედიცინო კონსულტაციების გავლაც შეეძლებათ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ კლინიკა „ლანცეტის" მესვეურებს დევნილი საზოგადოების მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კლინიკასთან მჭიდრო ურთიერთობა მომავალ წელსაც აუცილებლად გაგრძელდება.