თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, ქართველ კომპოზიტორისა და მომღერლის, ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება მომღერლის დაბადების დღეს დაემთხვა.
შემოქმედებით საღამოზე თავად ავტორისა და სხვა ქართველი მომღერლების შესრულებით აჟღერდა ია მაისაიას სიმღერები, რომელთა შორის იყო ცნობილი აფხაზეთელი პოეტის, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერებიც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, პოეტი და დრამატურგი გენო კალანდია და ია მაისაიას ახლობლები და მეგობრები.
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ, მინისტრ სოზარ სუბარის სახელით, ია მაისაიას საპატიო სიგელი გადასცა.