როინ მეტრეველის 75 წლის იუბილე აღინიშნა

დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აკადემიკოს როინ მეტრეველის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნის - „ქვეყნის სიყვარულში განვლილი წლები'' წარდგინება მოხდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართმადიდებულური ეკლესიის წარმომადგენლები, ქართველი პროფესორ-აკადემიკოსები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.

ვახტანგ ყოლბაიამ როინ მეტრეველს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ დაწესებული სიგელი გადასცა.

„ბატონი როინ მეტრეველი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გამორჩეული ფიგურაა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებაში. განსაკუთრებულია მისი დამოკიდებულება აფხაზეთის პრობლემისადმი ზოგადად და ააფხაზეთის ტრაგედიისადმი, კერძოდ.. გამიჭირდება მადლიერების გამოხატვა ჩემი და დევნილთა საზოგადოების სახელით, როცა მან შვილივით შეიფარა აფხაზეთის უნივერსიტეტი, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები. ყოველდღიური ზრუნვა აფხაზეთის უნივერსიტეტის პერსონალზე, მან თავის უმთავრეს საქმედ მიიჩნია. ბატონმა როინ მეტრეველმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს უნივერსიტეტს თავი გარიყულად არ ეგრძნო. მისი მიზანი გახლდათ – აფხაზეთის უნივერსიტეტს სრულფასოვნად შეედგა ფეხი საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სამყაროში. ბატონი როინის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი სოხუმის უნივერსიტეტი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იკავებს ქართულ საგანმანათლებლო სფეროში. არ შემიძლია ჩვენი უნივერსიტეტის პირველი რექტორის ბატონი ოთარ ჟორდანიას დამსახურებაზეც არ ვთქვა ორიოდ სიტყვა. მან ძალიან სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ურთულეს სიტუაციას. მართვის უნარმა, განსაცვიფრებელმა ორგანიზატორულმა ნიჭმა და ახალ სიტუაციაში ახლებური მიდგომების გამონახვამ, თავისი საქმე გააკეთა. ბატონი როინისთვის ეს დიდი ძალა იყო. ქვეყნის წინაშე კი იდგა უდიდესი ამოცანა, უნდა

გადაერჩინათ ძირძველი ტერიტორიიდან დევნილი ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო კერა, მისი სახელი, ავტორიტეტი, ადამიანები, მათი წარსულიც და მომავალიც. იმ დროს, როცა ყველაფერი ჭირდა, ბატონმა როინმა თავისი კოლექტივის „ხარჯზე“, მოიკლო ყველაფერი ჩვენი უნივერსიტეტის სასარგებლოდ. ეს ღვაწლი ღირსეულად არის შეფასებული აფხაზეთის უნივერსიტეტში.

ვულოცავ ბატომ როინს დღევანდელ საიუბილეო დღეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება, გაგრძელდება სოხუმშიც. ეჭვგარეშეა, რომ სოხუმში მის პიროვნულ თვისებებს დღესაც პატივისცემით ეკიდებიან.“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.