გუშინ გალში, გაეროს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გალის რაიონის მოსახლეობისთვის სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხს არ ეწინააღმდეგება. „მაგრამ ერთი პირობით, სახელმძღვანელოები და ყველა თვალსაჩინოება თუ ნივთი, რაც ამისთვის საჭიროა, აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და გამოცემული."
ხაჯიმბას ამ გამოსვლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ეხმიანება: „მისასალმებელია, რომ ხაჯიმბას გალის რაიონში არსებული ვითარების რეალური შეფასების მცდელობა აქვს. ამ შემთხვევაში სამწუხაროა, რომ ქართველებისათვის იმ ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლას სთავაზობს, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, ობიექტურობასთან და ისტორიულ წყაროებთან საერთო ცოტა რამ აქვს, არა მგონია, რომ ეს წაადგეს ქართველ ან აფხაზ მოსწავლეებს. დადგა დრო- აფხაზი და ქართველი ისტორიკოსები მიუსხდნენ მაგიდას და დაიწყონ ფიქრი ისტორიის ისეთი სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომელიც არ იქნება გაჯერებული პოლიტიკით, იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური. ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ ასეთი წიგნი ყველასთვის იქნებოდა მისაღები. ამიტომაც ვამბობ- დროა ამაზე დავიწყოთ საუბარი ერთად.
კარგი იქნება, თუ გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, პოლიტიკური იდეოლოგიის მიღმა იმუშავებენ ქართული სკოლები. იმ ფონზე, როცა აფხაზეთში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ფუნქციონირებს სომხური, რუსული სკოლები (რომლის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს) ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ქართული სკოლების გახსნა გალის რაიონში მაინც. ქართული ენისა და ობიექტური ისტორიის შესწავლა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და იქნებ ეს სოხუმში გაითვალისწინონ".