21 მარტს, "შერატონ მეტეხი პალასში" ახალგაზრდული ასამბლეის ზამთრის სესიებში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ და არადევნილ 25 დელეგატს პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.
პროგრამის ფარგლებში პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, ორგანიზაციამ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ მადლობის სიგელი გადასცა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმიტრი ჯაიანს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს ბელა კოპალიანს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა (გია) გავაზავას, მადლობის სიგელები მიიღეს ასევე, იმ სასწავლებლებმა და კომპანიებმა, რომლებმაც პროექტის განხორციელებას შეუწყვეს ხელი.
ახალგაზრდებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ნიკოლ ჟორდანია, აშშს-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი მაია ლიონსი, სამთავრობო, არასამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აქ წარმოდგენილი ახალგაზრდობა არის ის მომავალი, რომელთა ხელში ხვალ იქნება საქართველოს მომავალი. მე მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ რიტა პროკოპენკოს, რომელმაც დიდი შრომა ჩადო ამ პროექტში, ამერიკის საელჩოს, ქალბატონ ნიკოლ ჟორდანიას, რომელსაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის ამ ქვეყნისთვის. საოცარი სიამაყის შეგრძნება მეუფლება ამ ბავშვებს რომ ვუყურებ. მინდა მადლობა ვუთხრა იმ პედაგოგებს რომლებიც ასწავლიან ამ ახალგაზრდებს. ხერხდება ის, რომ ჩვენი ბავშვები საერთაშორისო არენაზე გადიან და იქ აღწევენ წარმატებას. ჩვენი ვალდებულებაა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდობას, ნიჭს, სწავლის მისწრაფებას", - ვახტანგ ყოლბაია.
ნიუ-იორკში მდებარე გაეროს შტაბ-ბინაში ქართველი ახალგაზრდები მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაემგზავრნენ.
პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები მსოფლიო მასშტაბით და გააცნოს მათ მეთოდები, თუ როგორ მიაღწიონ დიალოგის გზით საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებებს, კრეატიულობას და დაეუფლონ დიპლომატიის ხელოვნებას.
აღნიშნული პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ორგანიზებით ტარდება.