ქობულეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა„ლანცეტის" ორგანიზებით, დღეს, ქობულეთის ტურისტულ პოლიკლინიკაში აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციაში ასევე მონაწილეობდა თბილისის დევნილთა პოლიკლინიკა. გარდა ამისა, პაციენტებს ემსახურებოდა ზუგდიდის კლინიკა „ლაიფის" ონკოლოგი ბესიკ აბშილავა. სამედიცინო გამოკვლევებში ჩართული იყო კლინიკა „ლანცეტის" 16 დარგობრივი ექიმი.

გარდა სამედიცინო გამოკვლევებისა, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 17 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები, ასევე დარიგდა ჰუმანიტარული ტვირთი. გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3 500-მა დევნილმა. ანალოგიური აქცია აფხაზეთიდან დევნილთათვის გუშინ ბათუმში ჩატარდა.

აქციის მიმდინარეობას უშუალოდ ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია დასასრულს უახლოვდება, თუმცა, წლის ბოლომდე, მსგავსი გამოკვლევები კახეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვისაც ჩატარდება. მან მადლობა გადაუხადა აქციაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას და თითოეულ იმ დევნილს, რომელმაც მათი შეთავაზებული სერვისით ისარგებლა.

როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტში სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამა გათვალისწინებულია. მისი თქმით, ბიუჯეტში განსაკუთრებით გაიზრდება სახსრები დევნილთათვის უფასოდ დასარიგებელი მედიკამენტებისათვის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ დევნილთა მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის აფხაზეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა და იქვე აღნიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები დევნილები რეგიონში მოქმედ ჯანდაცვის ყველა სხვა პროგრამაშიც არიან ჩართულნი.