აფხაზეთის მთავრობის წევრებმა იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დასავლეთ საქართველოში არსებულ დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობაში გაიმართა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და რიგ საკითხებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ასევე, შეთანხმდნენ რომ  დასავლეთ საქართველოში არსებულ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით პოლიკლინიკის წარმომადგენლები ორგანიზებას გაუწევენ სამედიცინო, მრავალპროფილური გამოკვლევების ჩატარებას.

მთავრობის წევრებმა შეხვედრები გამართეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ბახტაძესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე მამისეიშვილთან. შეხვედრაზე დევნილთა მიმართულებით სამომავლო თანამშრობლობის გზებზე და მათი პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.

იმერეთის რეგიონში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ქეთევან ბაკარაძე და ვასილ ხორავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თამარ კორძაიას შეხვდნენ.