საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით აფხაზეთიდან დევნილ ვახტანგ ბერულავასა და ამრიდონ ჩეგიანს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცათ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენები გადასცსა 1986-1993 (26 სექტემბრამდე) წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ვახტანგ ბერულავასა და პოეტ ამრიდონ ჩეგიანს. ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ბერულავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების კომისიის საქმიანობაში. იგი სატრანსპორტო კომისიას ხელმძღვანელობდა და საგანგებო რეჟიმში უძღვებოდა ქალაქ სოხუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საპასუხისმგებლო საქმეს. საგანგებო რეჟიმში მომუშავე სოხუმში, როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო ტრანსპორტის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას დაღუპვისგან უხსნია არა მარტო ათასობით თანამოქალაქე, რომელთა შორის მეტწილად ქალები და ბავშვები იყვნენ, არამედ ბრძოლის ველზე დაჭრილ-დასახიჩრებული, სისხლისგან თითქმის დაცლილი მეომრებიც. ვახტანგ ბერულავას ბოლო წუთებამდე არ დაუტოვებია მშობლიური ქალაქი.

ამრიდონ ჩეგიანმა გაგრის დაცემის შემდეგ, ალყაში მყოფ მშობლიურ სოფელი ოთხარაში, ჩამოაყალიბა ,,სოფელ ოთხარის ხსნის კომიტეტი" და თავად ჩაუდგა სათავეში, სადაც ქართველებთან ერთად გაერთიანდნენ სოფლის უხუცესი აფხაზებიც. ხსნის კომიტეტმა შესძლო კონტაქტის დამყარება გუდაუთის ხელისუფლებასთან, გაკეთდა ე.წ. სამშვიდობო დერეფანი, ტყვეობიდან განთავისუფლდნენ სოფლის ახალგაზრდები და ოთხარის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა გადაურჩა სრულ განადგურებას. იგი 16 პოეტური კრებულის ავტორია.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ორივე მათგანის კანდიდატურა ღირსების ორდენზე იმ გმირობებისთვის წარუდგინა, რომელიც მათ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების დროს გამოიჩინეს.