თბილისის მერი ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია და დედაქალაქის მთავრობის წევრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემებსა და მათ გადასაჭრელად ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. რაიონების გამგებლებმა ის პრობლემური საკითხები წარადგინეს, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონში დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას ეხება.

გადაწყდა, რომ დევნილებთან დაკავშირებით არსებული პრობლემური საკითხების განსახილველად შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც თბილისის მერიის, აფხაზეთის მთავრობის, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ.