ვახტანგ ყოლბაია ჟენევის მოლაპარაკებების 27-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 27-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა.

დელეგაციას ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს. ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესები - ეს ის მთავარი თემებია, რომელსაც ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს. 

საქართველოს დელეგაცია ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, დევნილთა დაბრუნებასა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების  27-ე რაუნდი 25-26 მარტს გაიმართება.