აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ რეგიონებში მცხოვრებ 500-ზე მეტ მოზარდს სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები გადასცა

24 მარტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები ბელა კოპალიანი და ბესიკ ოდიშარია სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოსა და ხონში დევნილების ჩასახლებულ ცენტრებს ეწვივნენ. მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლას და კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღს საჩუქრად სასკოლო ნივთები, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები გადასცეს. ასევე საჩუქრები მიიღეს ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლის დევნილმა  მოსწავლეებმა.

აქცია სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბებისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამქორის (UMCOR) მხარადჭერით მოეწყო. სასკოლო ჩანთები, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები 500 - ზე მეტმა მოსწავლემ და საბავშო ბაღის აღსაზრდელმა მიიღო.

ვიზიტის დროს ყველა ცენტრში მრგვალი მაგიდის შეხვედრები მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიიღეს. შესწავლილ იქნა პრობლემები, გამოვლინდა უპირველესი საჭიროებები. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი ესაუბრა პედაგოგებს და მოსწავლეებს, მან შეხვედრის მონაწილეებს ვრცლად აუხსნა მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებში მაქსიმალური ჩართვის შესაძლებლობები და ასევე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობის პერსპექტივები.

დასავლეთ საქართველოში გამართულ შეხვედრებს იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბახტაძე, ხონის  განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.