ბორჯომში დევნილთათვის სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით 1-2 ნოემბერს ქ.ბორჯომში აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და ცენტრ „ლანცეტის" გენერალური დირექტორი ფარმან ჯეირანლი დაესწრნენ.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მასში

სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ სამედიცინო კლინიკა „ლანცეტი"-ს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმი - სპეციალისტები: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ექოსკოპისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი.

ბენეფიციარებს საჭიროების შესაბამისად ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტუმენტული გამოკვლევები და დაურიგდათ მედიკამენტები.