აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის", საქველმოქმედო ფონდების - „სიცოცხლის ხის" და „ქვიშის საათის" ინიციატივითა და დახმარებით, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილებს ინვალიდის ეტლები გადაეცათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გენო შონგირაძე, ლონდა ჯობავა (მამფორია) და ზვიად რუხაია პირადად მოინახულეს და ინვალიდის ეტლები გადასცეს. ეტლების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ და უწყების სხვა თანამშრომლებმა.
ავსტრიული წარმოების მექანიკური ეტლები ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის", საქველმოქმედო ფონდების - „სიცოცხლის ხის" და „ქვიშის საათის" მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 30-მდე დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობის პირს ეტაპობრივად დაურიგდება.