ვეტერანი ქართველი სუმოისტი, აფხაზეთიდან დევნილი ლევან ცაგურია, რომელსაც იაპონიაში კოკაის სახელით იცნობენ, დღეს აფხაზეთის მთავრობას ესტუმრა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ლევან ცაგურიას მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აფხაზეთის მთავრობის სახელით მას სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
ლევან ცაგურია დაიბადა 1981 წელს სოხუმში, რომელსაც იაპონელებმა კოკაი (შავი ზღვა) შეარქვეს. 1992 წელს, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ლევან ცაგურიას ოჯახს სოხუმის დატოვება და თბილისშიგადმოსვლა მოუხდა. ცაგურია სუმოთი საქართველოს სპორტის აკადემიაში სწავლის დროს დაინტერესდა. 1999 წელს იგი დაუკავშირდა სუმოს სტუდენტური ფედერაციის ხელმძღვანელს, ტანაკას, რომელმაც 150-კილოგრამიანი ქართველი გოლიათი 2001 წელს ტოკიოში მიიწვია და სუმოს ერთ-ერთ წამყვან სკოლაში მიაბარა. ლევან ცაგურია პირველი ევროპელია, რომელმაც ძიურეს თანრიგს მიაღწია. მისი დებიუტი პროფესიულ ლიგაში 2001 წელს შედგა.
ლევან ცაგურიას 2013 წელს „საქართველოს ტურიზმის საპატიო წარმომადგენელის" წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია საპატიო მედლით საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის.