აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ბათუმში საზეიმო მიტინგი გაიმართა. მიტინგში მონაწილეობდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ჟიული შარტავას ბათუმელი მეგობრები და ჟიული შარტავას და ცისანა შარტავა. მიტინგი გახსნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, მან ბრძანა, რომ „ამიერიდან „გმირების ხეივნის" მიმდებარე ულამაზეს ქუჩას ჟიული შარტავას სახელი დაამშვენებს". ბათუმის მერმა კი დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ჟიული შარტავას მემორიალი, სადაც უკვე დაიდგა დაფა წარწერით: „აქ აღიმართება ჟიული შარტავას მონუმენტი".
ჟიული შარტავას საიუბილეო ღონისძიებებისა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
„დღევანდელი ღონისძიებით, ამ შესანიშნავი ხეივნისთვის ჟიულის სახელის მინიჭებით, ბათუმში გაგრძელდა ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფის კიდევ ერთი უწყვეტი ხაზი. საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევით ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გრძელდება. ამ შესანიშნავი ქუჩისთვის ჟიულის სახელის მინიჭებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალაქ ბათუმის მერიას, საკრებულოს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობას, საზოგადოებას, ბათუმელებს, რადგან ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფისთვის მათ ძალიან ბევრი შეძლეს და გააკეთეს. აქვე აღიმართება ჟიულის მონუმენტიც, რომელიც გმირთა მოედანს დაამშვენებს. ამისთვის თქვენ ყველას უდიდესი მადლობა. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჟიულის აჭარელ მეგობრებს, რომელთა დიდმა მონდომებამ დააჩქარა და ორგანიზება გაუკეთა დღევანდელ ღონისძებას", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
მიტინგის შემდეგ, ღონისძიებებმა აჭარის კულტურის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ბათუმის მერთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მაყვალა ბერიანიძის წიგნის „ორივე მხარეს" პრეზენტაციას დაესწრნენ. წიგნი ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას აჭარელი მეგობრები, რომელთაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეროვნული გმირის ღვაწლი სამშობლოს წინაშე.
„ეს წიგნი არის არა მხოლოდ ჟიული შარტავაზე, არამედ ქართველებსა და აფხაზებზე, რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დღესაც უყვართ, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ამის აღიარების საშუალებას არ გვაძლევს. ამ წიგნით ჩვენ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ უგუნურებას ბოლო უნდა მოეღოს. მკითხველი ამ ნაწარმოებით შეიგრძნობს იმ განუმეორებელ სილამაზეს, რასაც აფხაზეთი ასხივებს. ამ წიგნით მკითხელი შეძლებს გარდასული ტრაგიკული დღეების სიმწვავის გაანალიზებას. მკითხველი გაიგებს იმასაც, თუ როგორ აღიქვამს ორივე მხარე, ქართულიც და აფხაზურიც ამ საშინელ, ტრაგიზმით აღსავსე დღეებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას, რადგან მისი პირადი მონდომების გარეშე ეს ღონისძიებები ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა, " - განაცხადა წიგნის ავტორმა მაყვალა ბერიანიძემ.
წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ვახტანგ ყოლბაიამ. მან ხაზი გაუსვა ღონისძიებათა მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა აჭარის ა/რ მთავრობასა და ბათუმის მერიას თანამშრომლობისა და თანადგომისთვის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი დიდებული ღონისძიებების გამართვასა და ორგანიზებაში.
„ძალიან აღელვებული ვარ დღევანდელი დღით. ისიც მინდა გაგიმხილოთ, ამ თვეების განმავლობაში სხვაგვარად დავინახე ბატონი ჟიულის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც. გრძელდება ეს ესტაფეტა, რომელიც ამჯერად ბათუმმა აიღო და ეს კვლავაც გაგრძელდება, რაც ძალიან ბუნებრივია. დღეს ქალბატონ ცისანა შარტავას ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჟიულისათვის არ კეთდება. ეს კეთდება იმ ახალგაზრდა ბიჭებისთვის, იმ ყმაწვილებისთვის, რომლებიც დღეს აქ დგანან, ეს კეთდება იმ ბავშვებისათვის, რომლებიც საბავშვო ბაღში მიდიან, ვინც სკოლაში სწავლობენ. ჩვენს ქვეყანას ბევრი რამ აკლია, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად გავზრდით მათ პატრიოტებად, პატივისმცემლებად იმ თაობისა, რომელმაც მოგვიტანა სიკეთე და ჰუმანიზმი, გმირობა და თავდადება სამშობლოსთვის. ამის გამო მათ ყველაზე ძვიფასი, სიცოცხლე გასწირეს. ჟიული დაიფერფლა აფხაზთა და ქართველთა სიყვარულისათვის. მან ეს შეგნებულად გააკეთა, შეგნებულად მიიტანა სამსხვერპლოზე თავისი თავი. მან იცოდა რომ იქ, ბარიკადის მეორე მხარეს, მას ხვდებოდნენ მისი გაზრდილები, რომელთა ცხოვრების გზის გაკვალვაში დიდი ამაგი ჰქონდა გაწეული. ჟიული შარტავა იყო ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. მას სურდა ეჩვენებინა თაობებისთვის თუ როგორ შეიძლება თავი გადადო სამშობლოს სიყვარულისთვის. დღეს ჟიული შარტავას სახელობის ქუჩაზე ივლიან ბიჭები, ახალი თაობის ყმაწვილები. დაე, იარონ, იარონ, იარონ. დიდი მადლობა ბატონებო თქვენ, მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიებებში წვლილი შეიტანა, მადლობა აჭარის უმაღლეს საბჭოს, მთავრობას. ჩვენ ჯარისკაცები ვართ ჟიულის სახელის ხსოვნის გარშემო შემოკრებილები. ესეც ჩვენი ბედისწერაა. მე მინდა მომავალმა თაობამ გაითავისოს თუ რამხელა ვალდებულება გვაქვს ჩვენ ამ საოცარი პიროვნების წინაშე. მოვდივარ თბილისიდან ბათუმში და აქედან ვესალმები ჟიული შარტავას ქუჩაზე გავლით აფხაზეთს. თანაც მუდამ თავს შემახსენებს ის მოვალეობა, რომლითაც უნდა ვიაროთ და ვიცხოვროთ, რომ ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა ერთიან სახელმწიფოში ვიცხოვროთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ აფხაზეთში აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის დღეს",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ ყოლბაიამ.
საღამო კულტურის სასახლეში ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდა.