დღეს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა

ქვეყნის ისტორიას დიდწილად ქმნიან კონკრეტული პიროვნებები. უახლოეს ისტორიაში ზვიად გამსახურდია, რომელიც იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, წარმოადგენს ასეთ ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას.

დღეს მას 75 წელი შეუსრულდებოდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრძოლა ერთიანი და გაბრწყინებული საქართველოსათვის, რასაც მან მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება, ამჟამადაც გრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ზვიად გამსახურდია 75 წლის იუბილარია.

შეუფასებელია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში მის მიერ შეტანილი მასშტაბური წვლილი. სწორედ ზვიად გამსახურდიას სახელთანაა დაკავშირებული 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

საქართველოსადმი პირველი პრეზიდენტის განუსაზღვრელი სიყვარულის დასაფასებლად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქართველებისა და აფხაზების შერიგება, რაც აუცილებელია ჩვენი სამშობლოს ერთიანობისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.